საქართველოს პროკურატურა

პროკურატურის ისტორიის მოკლე მიმოხილვა

საქართველოს სამართლებრივი კულტურის განვითარების განმავლობაში, თითოეულ ეტაპზე პროკურატურასა და შესაბამისად, პროკურორს, მნიშვნელოვანი როლი უკავია, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება სისხლისსამართლებრივ დევნასა და გამოძიებას, რა დროსაც პროკურორთა გადაწყვეტილებას უმთავრესი მნიშვნელობა ენიჭება.  პროკურატურის, როგორც სახელმწიფო ბრალდების ორგანოს საწყისები ჯერ კიდევ რომის იმპერიის დროიდან გვხვდება, თუმცა ამ ორგანოს სამშობლოდ საფრანგეთს მიიჩნევენ, სადაც პროკურატურა უკვე შვიდას წელზე მეტია არსებობს, ჩამოყალიბდა 1302 წელს, მეფე ფილიპ IV მიერ გამოცემული ორდონანსის საფუძველზე და წარმოდგენილი იყო საფრანგეთის საკასაციო სასაამრთლოსთან არსებული გენერალური პროკურორის სახით, ინგლისში აღნიშნული ინსტიტუტი ჩამოყალიბდა მე-15 საუკუნეში, სადაც პროკურატურის ორგანოების ფუნქციებს გარკვეულწილად ასრულებდა საჯარო დევნის დირექტორი, რუსეთში პროკურატურა დაარსდა 1722 წლის 12 აპრილს, პეტრე პირველის ბრძანებით. საყურადღებოა, აგრეთვე, იტალიის მაგალითი, ამ ქვეყანაში მაფიისა და სხვა დანაშაულებრივი ორგანიზაციების გავლენა იმდენად მაღალი იყო, რომ მთავრობამ გადაწყვიტა, დაეარსებინა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დარგში ეროვნული პროკურორის თანამდებობა.

„პროკურორი“ ლათინური სიტყვაა და მზრუნველს ნიშნავს. „პროკურატორი“ კი ძველ რომში აღნიშნავდა მმართველს, რწმუნებულს.  ძველ ქართულ სამართალში ტერმინი „პროკურატურა“ არ ფიგურირებს, ამასთან, აღნიშნული სიტყვა არაა მოხსენიებული საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციაში. რუსეთის იმპერიის ნაწილად ყოფნის დროს საქართველოში პროკურატურა სწორედ აღნიშნული ქვეყნის გავლენით დაარსდა, 1917 წლამდე, ხოლო იმპერიის დაშლის შემდგომ კი, დამოუკიდებლობის სამი წლის განმავლობაში, იგი არსებობდა სასამართლოებთან და არა დამოუკიდებელი ორგანოს სახით. (1919 წლის 29 ივნისს საქართველოს დამფუძნებელი კრებისა და მთავრობის მიერ მიღებული კანონით დამტკიცდა ”საქართველოს სენატის დებულება”). დამოუკიდებლობის დაკარგვასა და გასაბჭოებასთან ერთად კი, 1922 წელს დაარსდა საქართველოს სსრ სახელმწიფო პროკურატურა. აღსანიშნავია, რომ უკვე ამ დროიდანვე, პირველივე ნორმატიული აქტით – საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მიერ დამტკიცებული ”საპროკურორო ზედამხედველობის შესახებ” 1922 წლის 11 ნოემბრის დებულებით, პროკურორს ფართო უფლებამოსილებანი ენიჭებოდა.

1922 წლის 11 ნოემბერს დადგენილების „პროკურატურის შემოღების შესახებ“ საფუძველზე დამტკიცდა დებულება „პროკურატურის შესახებ“. მას რესპუბლიკის პროკურორის სახით ხელმძღვანელობდა იუსტიციის სახალხო კომისარი. აღნიშნული დებულება წარმოადგენს საპროკურორო ზედამხედველობის მარეგულირებელ პირველ საკანონმდებლო აქტს, რის საფუძველზეც შეიქმნა საქართველოს პროკურატურა, რომელიც შევიდა იუსტიციის სახალხო კომისარიატის უწყებაში. ამავე დებულებით, საქართველოს პროკურატურას დაევალა სახელმწიფოს სახელით ზედამხედველობის განხორციელება ხელისუფლების ყველა ორგანოს, სამეურნეო დაწესებულების, საზოგადოებრივი და კერძო ორგანიზაციების მოქმედების კანონიერებაზე, დანაშაულის გამოვლენის შემთხვევაში სისხლის სამართლის დევნის დაწყება. დაევალა, ასევე საგამოძიებო ორგანოზე უშუალო მეთვალყურეობა, სასამართლოში ბრალდების მხარდაჭერა და მეთვალყურეობა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში კანონიერების დაცვაზე. ამდენად, პროკურატურის დაარსებით შეიქმნა სპეციალური დაწესებულება, რომელიც ზედამხედველობდა კანონის დებულებათა აღსრულებას ყველა საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში, ასევე, იგი აკონტროლებდა თანამდებობისა და კერძო პირების მოქმედებებს, წინასწარგამოძიებას, სასამართლო კანონთა დაცვასა და დაპატიმრების კანონიერებაზე ზედამხედველობას.

წლების გასვლასთან ერთად, საქართველოს პროკუკურატურის სტრუქტურა იცვლებოდა, თუმცა ის ძირითადი პრინციპები, რომლებიც საფუძვლად დაედო ამ უწყების შექმნას, უცვლელი რჩებოდა. შემდგომ წლებში განხორციელებული ცვლილებების წყალობით, პროკურატურა გამოეყო იუსტიციის სახალხო კომისარიატს, საქართველოს პროკურატურა დაექვემდებარა სსრკ-ის პროკურატურას, შემოღებულ იქნა პროკურატურის ორგანოთა ცენტრალიზებული აგება და ეს სტრუქტურა შენარჩუნდა საბჭოთა კავშირის დაშლამდე. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, 1992 წლის 17 ივნისს საქართველოს სახელმწიფოს საბჭოს მიერ დამტკიცებული იქნა დროებითი დებულება „საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურის შესახებ“. აღნიშნულ დებულებაში შეტანილი ცვლილებით, მნიშვნელოვნად შეიზღუდა პროკურატურის უფლებები. პროკურატურას ჩამოერთვა საერთო ზედამხედველობის ფუნქცია. საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუციის მიხედვით, პროკურატურა სასამართლო ხელისუფლების ორგანო იყო. პროკურატურის სასამართლოსადმი დამოკიდებულება 2004 წლის 6 თებერვალს შეიცვალა, როდესაც საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდა და სწორედ ამ ცვლილებათა წყალობით, პროკურატურა სრულიად დამოუკიდებელ, ერთიან ორგანოდ გარდაიქმნა, 2008 წლის 21 ოქტომბერს მიღებულ იქნა კანონი „პროკურატურის შესახებ“, რომლის მიხედვით პროკურატურა შევიდა იუსტიციის სამინისტროს სისტემაში, როგორც საქვეუწყებო დაწესებულება. 2018 წლის 30 ნოემბერს მიღებულ იქნა პროკურატურის შესახებ ორგანული კანონი, რომლის მიხედვითაც, პროკურატურა გამოეყო იუსტიციის სამინისტროს და კვლავ დამოუკიდებელი ორგანოს სახით ჩამოყალიბდა.

წყარო: https://openscience.ge/bitstream/1/980/1/samagistro%20imedashvili.pdf

“პროკურორი,როგორც სისხლისსამართლებრივი
დევნის სუბიექტი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Discover more from LAWHUB

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading