ოჯახური დანაშაულის ლატენტური (გამოუმჟღავნებელი, ფარული) ბუნება და მისი მოკლე ანალიზი

ოჯახში ძალადობა მსოფლიოს არაერთი ქვეყნისთვის ყველაზე მეტად გავრცელებული დანაშაულის კატეგორიაა, რომლის წინააღმდეგ საბრძოლველადაც სახელმწიფოები მიისწრაფვიან, ისინი დროთა განმავლობაში შეიმუშავებენ სათანადო საკანონმდებლო ბაზებს, უზრუნველყოფენ ეროვნული კანონმდებლობის ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენციის) დებულებებთან მათ ჰარმონიზაცია და ამ კუთხით ეფექტური ღონისძიებების გატარებას, თუმცა, ძალისხმევის მიუხედავად, ოჯახში ძალადობა მაინც რჩება თანამედროვე საზოგადოებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად.

ოჯახში ძალადობა ლატენტურ დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება, ამ დანაშაულისათვის დამახასიათებელია ფაქტების გაუმჟღავნებლობა, დაფარვა, დამახინჯება, გამოსაკითხ პირთა ვიწრო წრე, აგრეთვე, ჩვენების მიცემაზე უარის თქმა. მხედველობაშია მისაღები სასამართლო პრაქტიკა, რომლიც ცხადყოფს, რომ დაზარალებულები, რომლებიც გამოძიებაში ცხელ კვალზე გაცილებით მეტ ინფორმაციას გასცემენ ძალადობასთან დაკავშირებით, დროთა განმავლობაში ეგუებიან მომხდარ ძალადობას და სხვადასხვა ხერხით (საკუთარი ნებით, თუ ბრალდებულის ჩარევით) ცდილობენ ბრალდებულებს აარიდონ პასუხისმგებლობა. იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარი კატეგორიის დანაშაულები, როგორც წესი, გამოირჩევა მტკიცებულებათა სიმწირით, მით უფრო რთულია მრავლად პირდაპირი მტკიცებულებების მოპოვება. შესაბამისად, მართლმსაჯულების განხორციელების კუთხით გარკვეული პრობლემები შექმნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ ირიბ ჩვენებასთან დაკავშირებით და ასევე საერთო სასამართლოების მიერ დამკვიდრებულმა პრაქტიკამ – გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო „მტკიცებულებათა ერთობლიობის სტანდარტის“ განმარტებამ.

აქვე, უნდა ითქვას, რომ ოჯახური დანაშაულის სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე, პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა (ცემა, სხვაგვარი ძალადობა), სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. სხვაგვარი ძალადობა იმით განსხვავდება ცემისაგან, რომ იგი შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით ქმედებაში – აქტში (გარტყმა (ჩარტყმა), ხელის კვრა, ხელის მოჭერა, თმებით თრევა, თმების წიწკვნა და სხვა). აქაც აუცილებელია, მსხვერპლმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. ცემა და სხვაგვარი ძალადობა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ: დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღენთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ ცემის ანდა სხვაგვარი ძალადობის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე, საქმის სხვა გარემოებებს. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე ზემოქმედება, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან. დანაშაულის ერთ-ერთი დამამძიმებელი გარემოებაა მისი ჩადენა არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

ამასთან აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სასამართლო მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.

ოჯახური ძალადობის მაპროვოცირებელი ფაქტორებად შესაძლოა მიჩნეული იქნას, ეკონომიკური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება, სტრესი და ა.შ. სამწუხაროდ, ოჯახში ძალადობის შემთხვევების საგანგაშო სტატისტიკით, სხვა ქვეყნებს შორის, გამოირჩევა საქართველოც. შესაბამისად, ნათელია, რომ მხოლოდ საკანონმდებლო ბაზის დახვეწა არ არის საკმარისი ამ კატეგორიის დანაშაულებთან ეფექტურად საბრძოლველად საჭიროა პრობლემის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ერთიანი, კომპლექსური და თანმიმდევრული პოლიტიკის გატარება. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია გამოვყოთ სასამართლო სისტემის საპასუხისმგებლო როლი. ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულების საქმეებზე მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილებები, როგორც ამგვარი კატეგორიის დანაშაულებზე მკაცრი სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი, ემსახურება არა მხოლოდ დამნაშავის გამოვლენასა და მისთვის ადექვატური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზანს, არამედ მას აქვს დამატებით, ერთგვარად, პრევენციული ფუნქციაც, რომ არ წახალისდეს „დაუსჯელობის სინდრომი“.

ზოგადად, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულების საქმეებში, რთულია პირდაპირი მტკიცებულებების მოპოვება, მით უფრო მაშინ, როდესაც დაზარალებული იყენებს მისთვის მინიჭებულ კონსტიტუციით გათვალისწინებულ საპროცესო უფლებას და უარს ამბობს ჩვენების მიცემაზე მოძალადე ახლობლის წინააღმდეგ, რომელთა წრეც განისაზღვრება კანონით. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მოწმეს უფლებას აძლევს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მის ახლო ნათესავს, რომელთა წრეც ამავე კოდექსით არის განსაზღვრული და მოიცავს: მშობელს, მშვილებელს, შვილს, მინდობით აღსაზრდელს, პაპას, ბებიას, შვილიშვილს, დას, ძმას, მეუღლეს, მათ შორის, განქორწინებულებს. სწორედ აღნიშნული მოტივით, სრულყოფილი გამოძიების ჩატარების პირობებშიც კი ბრალდების მხარე ობიექტურად მოკლებულია შესაძლებლობას, მრავლად მოიპოვოს და სასამართლოს წარუდგინოს აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე დანაშაულებრივი ფაქტის დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულებები. პრაქტიკაში კი აღნიშნული გარემოება სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის განმაპირობებელი ერთ-ერთი საფუძველი ხდება. შესაბამისად, ცალსახაა, რომ დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებას მსგავსი ტიპის საქმეებში. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ დაზარალებულს ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მრავალი, მათ შორის, ლოგიკური საფუძველი შეიძლება გააჩნდეს: 1) შერიგების შესაძლებლობა, (ჩვენებამ შესაძლებელია, ცოლქმრულ ურთიერთობას საფრთხე შეუქმნას); 2) შიში ფინანსურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით; 3) ბავშვების კეთილდღეობაზე ფიქრი; 4) ოჯახის სხვა წევრების მხრიდან ზეწოლა, არ მისცეს ჩვენება; 5) კულტურული თუ რელიგიური შეხედულებები, რომლითაც დაგმობილია და ოჯახიდან განდევნას იწვევს მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა; 6) ძალადობის სისტემატიურობიდან გამომდინარე, დაზარალებული მოწმის მიერ ძალადობის მსხვერპლად საკუთარი თავის აღქმის პრობლემა; 7) მარტოობის შიში; 8) მოძალადის მიმართ გრძნობა ან ზოგიერთ შემთხვევაში, სასამართლო პროცესის შიში, ან/და ასევე ინფორმაციული ვაკუუმი, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს მეორეული ვიქტიმიზაცია.

(საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი №527აპ-17) განმარტების თანახმად სასამართლო განხილვისას ჩვენების მიცემაზე უარის თქმა შეიძლება მრავალი მიზეზით იყოს განპირობებული. მათ შორის, მოწმე ან/და დაზარალებული შეიძლება მისი ოჯახის წევრისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობდეს, რის გამოც მის მიერ გამოკითხვის დროს მიწოდებული ინფორმაციის უტყუარობა საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზის საფუძველზე უნდა შეფასდეს. მოწმის/დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა მით უმეტეს არ გულისხმობს მოწმის ახლო ნათესავის გამართლებას წარდგენილ ბრალდებაში“ (პარაგრაფი N8).

„ოჯახური დანაშაულის ხასიათის სპეციფიკიდან გამომდინარე, დაზარალებულის ჩვენების არარსებობის ან საქმის მასალებში ბრალდებულის მიმართ დაზარალებულის პრეტენზიის არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაშიც, ბრალდებულის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, რომელთა ერთობლიობა აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს. მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ვალდებულება, უზრუნველყოს აღნიშნული კატეგორიის დანაშაულთა სწრაფი და სრულყოფილი გამოძიება, მართლმსაჯულების განხორციელება და ძალადობის აღსაკვეთად ადეკვატური რეაგირება (მაგ.იხ. X and Y v. Georgia, No. 24/2009; U.N. Doc. CEDAW/C/61/D/24/2009, 2015, §§9.7; 9.6)“ – (პარაგრაფი N9).

საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებული იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“). კონვენციის მიზნებისთვის, „ოჯახში ძალადობა“ გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა. კონვენცია მიზნად ისახავს ქალების და ოჯახის წევრების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან, მათ შორის, კონვენცია მოუწოდებს მხარეებს, მიიღონ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომა იმის უზრუნველსაყოფად, რომ სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვალოს ისეთი წინასწარგანზრახული ქცევა, რომელიც ადამიანზე სერიოზულ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს იძულების ან მუქარის გამოყენებით. კონვენციის თანახმად, მხარეები უზრუნველყოფენ, რომ ამ კონვენციის შესაბამისად დადგენილი დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე, თუ დანაშაული მთლიანად ან ნაწილობრივ მხარის ტერიტორიაზე იყო ჩადენილი და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს.

ამდენად ცალსახად უნდა იქნას გამოკვეთილი ის გარემოება, რომ ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, პირის ბრალდება მთლიანად არ არის დამოკიდებული დაზარალებულის მიერ გამოკითხვისას გამოძიების ორგანოსთვის მიწოდებულ ინფორმაციაზე და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა აკმაყოფილებდეს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ სტანდარტს და სასამართლოს უნდა უქმნიდეს საფუძველს დასკვნისთვის, რომ ბრალდებულმა ნამდვილად ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა. ძალადობის ფაქტი შესაძლებელია დასტურდებოდეს მათ შორის საქმეში არსებული სხვადასხვა მტკიცებულებებით, მათ შორის  საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, სადაც გამოძიების ეტაპზე დაზარალებული შესაძლოა აღწერდეს მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ეპიზოდებს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლითაც შესაძლოა დადასტურდეს, რომ დაზარალებულს აღენიშნებოდა დაზიანებები, რაზეც ასევე შესაძლოა მიუთითებდნენ ირიბი მოწმეებიც და სხვა.

რაც შეეხება ირიბი მოწმეების ჩვენებას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირის ბრალდებულად ცნობა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა ირიბი ჩვენების საფუძველზე, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი. სასამართლოს მსჯელობის საგნად იქცა შემდეგი გარემოებები: შესაძლებელი იყო თუ არა ბრალის წარდგენა ან განაჩენის გამოტანა ისეთ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც არ იყო უტყუარი, წარმოშობდა თუ არა ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობა კონსტიტუციური უფლების დარღვევის რისკს, არსებობდა თუ არა საფრთხე იმისა, რომ განაჩენი გამოტანილ იქნებოდა საეჭვო, ყალბ ან არასათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით. ამასთან, სასამართლოს უნდა შეემოწმებინა, შეიცავდა თუ არა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა საკმარის გარანტიებს იმისთვის, რომ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი უტყუარად ყოფილიყო დადასტურებული. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ თქვა, რომ ,,იმგვარი ჩვენების დასაშვებად ცნობა, რომელიც ემყარება სხვა პირის მიერ გაკეთებულ განცხადებას ან გავრცელებულ ინფორმაციას, შეიცავს მრავალ რისკს. მათ შორის, რთულია იმის შეფასება, თუ რამდენად სანდოა ან სარწმუნოა ასეთი ინფორმაცია, ვინაიდან სასამართლო შეზღუდულია შესაძლებლობაში, შეამოწმოს ინფორმაციის გამავრცელებელი პირის განწყობა, მისი დამოკიდებულება იმ მოვლენების მიმართ, რომლებიც სისხლისსამართლებრივ საქმეს უკავშირდება. ასევე რთულია იმის განჭვრეტა, თუ როგორ ჩვენებას მისცემდა ეს პირი, ის რომ სასამართლოში გამოცხადებულიყო“. იმის მიუხედავად, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემისთვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლოს განმარტებით: „ირიბი ჩვენების შემთხვევაში აღნიშნული მექანიზმი სანდოობის უზრუნველსაყოფად ნაკლებად ეფექტურ საშუალებას წამოადგენს, რამდენადაც ირიბი ჩვენების მიმცემ პირს არ შეუძლია დაადასტუროს, თუ რამდენად უტყუარი იყო სხვა პირის მიერ გავრცელებული ინფორმაცია“. სასამართლომ გაუმართლებლად მიიჩნია სისხლის სამართლის საქმეზე ირიბი ჩვენების, როგორც მტკიცებულების, ავტომატურად დაშვება და მისი გამოყენება განურჩევლად იმისა, თუ რა პირობებში, რა ფორმითა და საშუალებით გახდა ცნობილი ირიბი ჩვენების მიმცემი პირისთვის აღნიშნული ინფორმაცია. ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ არ გამორიცხა, გამონაკლის შემთხვევაში, ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერების შესაძლებლობა. კერძოდ, გამონაკლისის დაშვება შესაძლოა, გამართლებული იყოს, „თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე. მაგალითად, სასამართლომ შესაძლებელია, განიხილოს ირიბი ჩვენების დაშვების შესაძლებლობა, როდესაც მოწმე ან დაზარალებული დაშინებულია ან არსებობს მისი როგორც მოწმის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა. ბრალდებულის კანონსაწინააღმდეგო ქმედებამ – მოწმის დაშინებამ არ უნდა შეაფერხოს მართლმსაჯულების განხორციელება და სწორედ ამიტომ, გამონაკლის შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილი უნდა იყოს, შეაფასოს მართლმსაჯულებისა და მისი გამოყენების აუცილებლობა“, თუმცა „ირიბი ჩვენების დასაშვებად ცნობის და მისი გამოყენების საკითხის გადაწყვეტა მკაფიოდ ფორმულირებული მარეგულირებელი ნორმებისა და სათანადო პროცესუალური გარანტიების პირობებში უნდა მოხდეს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა შეაფასოს გარემოებები, რომლებიც ირიბი ჩვენების წარდგენის გასამართლებლად არის დასახელებული სისხლისსამართლებრივ დევნაზე პასუხისმგებელი ორგანოს მიერ“.

აღსანიშნავია, რომ ზემოთ მოხსენიებულ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიიღო მსგავსი შინაარსის გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საპროცესო ნორმებზე დაყრდნობით. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე N218აპ-14, 2014 წლის 18 დეკემბერი, სამოტივაციო ნაწილი. პარაგრაფი 4.1.12) კერძოდ, სასამართლომ მიუთითა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესზე, რომლის მიხედვითაც „მოწმის ჩვენება მტკიცებულება ვერ იქნება, თუ მოწმე ვერ მიუთითებს წარმოდგენილი ინფორმაციის წყაროს…“. ამასთან, 76-ე მუხლი ადგენს, რომ ,,ირიბია ისეთი ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას“ (პირველი ნაწილი), ხოლო „ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია“ (მე-2 ნაწილი). საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ მნიშვნელოვნად იმოქმედა საერთო სასამართლოების მიერ ირიბი ჩვენების გამოყენების პრაქტიკაზე. ამდენად მნიშვნელოვანია შეფასდეს საქმეში არსებული ჩვენებათა შესაბამისობა საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. რაც შეეხება ოჯახური ძალადობის შემადგენლობისათვის სავალდებულო ერთ-ერთი ელემენტის – დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდის დადგენას, აღნიშნული შესაძლებელია, როგორც საქმეში არესებული სხვა მტკიცებულებებით, ასევე საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით (მსხვერპლის სქესის, ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, ძალადობის ხანგრძლივობის, მიყენებული დაზიანებების რაოდენობის, სახის, განლაგების, დანაშაულის ჩადენის ხერხის, საშუალებისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით), რომლებიც მსხვერპლის მიერ ტკივილის განცდის ობიექტურად შეფასების შესაძლებლობას იძლევა. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალადობის ისეთი ფაქტები, სადაც დაზარალებულის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით შეუძლებელია მსხვერპლის მიერ განცდილი ტკივილის ვერბალურად გადმოცემა, დაუსჯელი დარჩებოდა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება №443აპ-20, სამოტივაციო ნაწილის პუნქტი 9).

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *