გრიფი “საიდუმლო”

ალბათ, ყველას გაგჩენიათ კითხვა, თუ რა ტიპის ინფორმაცია მიიჩნევა სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციად, როგორ ხდება ინფორმაციის დასაიდუმლოება, ვის აქვს ამ ტიპის ინფორმაციაზე წვდომა, რა სამართლებრივი შედეგი შეიძლება მოჰყვეს სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებას, გაცემას ან დაკარგვას. ეს საკითხები დარეგულირებულია კანონმდებლობით, უფრო ზუსტად კი საქართველოს კანონით „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“, რომლის თანახმადაც:

სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციას განეკუთნება ქვეყნის თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობათა, დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროებში არსებული ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ ან დაკარგვამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფოს უსაფრთხოებას და სიცოცხლისუნარიანობას. ამავე კანონით იმპერატიულად, ყოველგვარი გამონაკისის გარეშე, აკრძალულია იმ ინფორმაციათა დასაიდუმლოება, რომლითაც შეიძლება ზიანი მიადგეს მოსახლეობის ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას.

სახელმწიფო ინფორმაციის დაისაიდუმოება ხდება ამგვარი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის მიერ. ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნების აუცილებლობის დასაბუთება ევალება სახელმწიფო ორგანოს, საწარმოს, დაწესებულებას, ორგანიზაციას, რომელმაც ეს ინფორმაცია შეიმუშავა ან განსახილველად ან/და შესანახად მიიღო.

სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა, მისი გაცნობა, დამუშავების უფლება აქვთ იმ პირებს რომლებსაც აქვთ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება. არსებობს დაშვების სამი სახე თანამდებობრივი, ინდივიდუალური და სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის დაშვება.

o თანმდებობრივი დაშვება ნიშნავს თანამდებობის პირებისთვის, თანამდებობაზე მათი არჩევისთანავე ან დანიშვნისთანავე, სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის უფლების ავტომატურად მინიჭებას. თანამდებობრივი დაშვება მათი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში აქვს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს მთავრობის წევრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარს, საქართველოს სახალხო დამცველს, ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს.

o რაც შეეხება ინდივიდუალურ დაშვებას ეს გულისხმობს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ შემოწმებული 18 წლის ასაკს მიღწეუილი, ქმედუნარიანი, საქართველოს მოქალაქის სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის უფლებით აღჭურვას, რომელიც იღებს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ვალდებულებას, თანხმაა სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გამო მის უფლებათა კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე და ინფორმირებულია, იმის შესახებ, თუ რა შედეგი მოჰყვება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევას.

აღსანიშნავია, ის რომ „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში თანამდებობრივი დაშვების მქონე თანამდებობის პირთა ჩამონათვალში არ გვხვდება მოსამართლე, რომელსაც შესაძლოა სამოსამართლო საქმიანობის განხორციელების ნებისმიერ ეტპზე შემთხვევითობის პრინციპით განსახილველად დაეწეროს ისეთი საქმე, რომელიც შეიცავს დასაიდუმლოებულ ინფორმაციას. ჩნდება სრულიად ლოგიკური კითხვა ამ შემთხვევაში გამოიყენება თუ არა ინდივიდუალური დაშვებისთვის საჭირო პროცედურები, რომელიც თავის მხრივ მოითხოვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ შემოწმებას. ამგვარი ჩანაწერის არ არსებობა კანონის ხარვეზად უნდა მივიჩნიოთ და მიუხედავად იმისა, რომ კანონში პირდაპირ არ არის მოცემული მოსამართლის დაშვება დასაიდუმლოებულ ინფორმაციაზე, ეს საკითხი პრაქტიკით არის მოწესრიგებული. დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით მოსამართლეს სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციაზე ინდივიდუალური დაშვება არ სჭირდება და მას ამგვარი უფლება თანამდებობრივად აქვს მინიჭებული, რაც სრულიად ლეგიტიმურია.

o სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის დაშვება სახელმწიფო საიდუმლოებასთან გაიცემა იმ სახელმწიფო ორგანოზე, საწარმოზე, დაწესებულებაზე, ორგანიზაციაზე, რომელსაც აქვს ასეთი ინფორმაციის გაცნობის საჭიროება და ის პირობები, რასაც საჭიროა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციის დაცვისათვის.

დასაიდუმლოებულ ინფორმაციაზე წვდომის უფლებით აღჭურვილი პირი ვალდებულია დაიცვას ამგვარი ინფორმაცია გამჟღავნების, გაცემის ან დაკარგვისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პირი პასუხს აგებს სისხისამართლებრივი წესით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *