...
Lawhub

შარლ ანრი სანსონი – “საფრანგეთის ყველაზე ცნობილი ჯალათი”

შარლ ანრი სანსონი – დაიბადა 1739 წლის 15 თებერვალს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ცნობილი პარიზელი ჯალათის შარლ ჟან-ბატისტა სანსონისა და მადლენ ტრონსონის ოჯახში. იგი წარმოადგენდა საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე ცნობილ ჯალათს, სანსონების ჯალათთა დინასტიიდან. როგორც წესი, იმ პერიოდისათვის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში “ჯალათი” ის პროფესია გახლდათ, რომელიც შთამომავლობით, მამიდან შვილზე გადადიოდა. ასევე იყო ამ შემთხვევაშიც. მაშინ როდესაც 1754 წელს, პარიზში ცნობილმა ჯალათმა შარლ ჟან-ბატისტა სანსონმა, ანუ შარლ ანრი სანსონის მამამ კიდურების პარალიჩი მიიღო, მამის “პროფესია” მასზეც შთამომავლობით გადავიდა, რისთვისაც ბავშვობიდანვე ემზადებოდა. აღსანიშნავია ის გარემოებაც რომ მისი ბიძაც ასევე პროფესიით ჯალათი იყო. თავდაპირველად, როდესაც თავისი პროფესიით დაიწყო მუშაობა, სიკვდილით დასჯის იმავე მეთოდებს იყენებდა რაც იმ პერიოდისათვის გახლდათ “მიღებული”, ხოლო საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ კი მხოლოდ “გილიოტინის” მეშვეობით სჯიდა სიკვდილმისჯილებს. როგორც მისი თანამედროვეებიდან ხდება ცნობილი – შარლ ანრი სანსონი, მიუხედავად იმისა, რომ ჯალათი იყო, საკმაოდ კარგი, დახვეწილი მანერებით და ჯელტმენობით გამოირჩეოდა. გარდა ამისა ეხმარებოდა ღარიბ მოსახლეობასაც. მიუხედავად ამისა მასთან ურთიერთობას ყველა გაურბოდა თავისი უსაშინელესი პროფესიის გამო. ცნობილია ისიც, რომ თავის მსხვერპლს იგი ეშაფოტზე ასვლისას რჩევებსაც კი აძლევდა, თუ როგორ მდგომარეობაში იყო უკეთესი მათთვის სიკვდილის შეგებება. მაგალითად ასეთი “რეკომენდაცია” მან სიკვდილით დასჯის წინ მისცა ჟან პოლ მარატის მკვლელ ქალს – შარლოტა კორდეს. მის მიერ სიკვდილით დასჯილ უამრავ უბრალო მოკვდავთაგან თუ ცნობილ ადამიანთაგან აუცილებლად აღსანიშნავია საფრანგეთის მეფის ლუი XVI-ის, საფრანგეთის დედოფლის – მარია ანტუანეტის და დიდი ფრანგი რევოლუციონერის – ჟორჯ ჟაკ დანტონის, სიკვდილით დასჯა ეშაფოტზე, გილიოტინის მეშვეობით, სადაც იგი მთავარი ჯალათის ფუნქციას ასრულებდა. შარლ ანრი სანსონი გახლდათ სწორედ იმ კომისიის წევრი (თავად ჟოზეფ იგნას გილიოტინის მიწვევით), რომელმაც მხარი დაუჭირა პრაქტიკაში სიკვდილით დასჯის შედარებით “ჰუმანური” მანქანის – გილიოტინის შემოღებას.

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, მიუხედავად მისი ჯელტმენური და დახვეწილი მანერებისა, იგი ხალხს ძალიან სძულდა. იყო შემთხვევა, როდესაც შარლ ანრი სანსონი სხვა სახელით გაეცნო ერთ-ერთ ქალბატონს, რომელმაც შემდგომ გაარკვია, რომ იგი ჯალათი იყო. მოტყუებულმა ქალმა კი მას სასამართლოში უჩივლა. 1766 წელს დაქორწინდა მარი ანა ჟიუგეზე, რომელთან თანაცხოვრებაში ორი ვაჟი – ანრი და გაბრიელი შეეძინა. პირველმა მათგანმა მამის “პროფესია” 1795 წელს გადაიბარა, მას შემდეგ რაც მამამისი “დამსახურებულ” პენსიაზე გავიდა. მას შემდეგ რაც შარლ ანრიმ “სამსახურს” თავი გაანება, დაწერა საკმაოდ საინტერესო მემუარები, სადაც მრავალი ისტორიული ფაქტი იქნა გადმოცემული. რადგან იგი თავად იყო მრავალი ისტორიული ფაქტის თვითმხილველი, მისი ჩანაწერები დიდ და საინტერესო მასალას შეიცავდა, რომლითაც დაწერიდან 20 წლის შემდეგ ისარგებლა ისეთმა გენიალურმა ფრანგმა მწერალმა, როგორიც იყო ონორე დე ბალზაკი. საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე ცნობილი ჯალათი, რომელმაც სიკვდილით დასაჯა საფრანგეთის სამეფო ოჯახი –  შარლ ანრი სანსონი გარდაიცვალა 1806 წლის 4 ივლისს პარიზში, 67 წლის ასაკში. მის მიერ დაწერილი მემუარები – “ჯალათის ჩანაწერები” კი 1863 წელს 6 ტომად იქნა გამოცემული კლემან ანრი სანსონის რედაქტორობით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Discover more from LAWHUB

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading