...
Lawhub

თანასწორობა და დისკრიმინაცია

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კაცობრიობა საბოლოოდ მიხვდა თანასწორობის მნიშვნელობას და გადაწყვიტა ამ პრინციპის საყოველთაოდ აღიარება. გაეროს გენერალური ასაბლეის მიერ 1948 წლის 10 დეკემბერს მიღებული „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ პირველივე მუხლი აცხადებს: „ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით. მათ მინიჭებული აქვთ სინდისი და ერთმანეთის მიმართ უნდა იქცეოდნენ ძმობის სულისკვეთებით.“

თანასწორობა თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს აუცილებელი ელემენტია. ის ადამიანის კეთილდღეობის წინაპირობაა, რადგანაც მის გარეშე შეუძლებელია ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარება. თუ თითოეულ ადამიანს არ ექნება თანასწორი შესაძლებლობა ჩაერთოს ქვეყნის ეკონომიკურ პროცესებში, განავითაროს თავის შემოქმედება, დაიკავოს სახელმწიფო თანამდებობა და ა.შ საზოგადოება ძალიან დიდ რესურსს და შესაძლებლობებს დაკარგავს და იქნება მუდმივად ბრძოლის რეჟიმში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში თანასწორობის იდეა არ არის ახლად წარმოშობილი ცნება. იგი ჩვენი ისტორიული არჩევანია, რაზეც მიუთითებს მე-19 საუკუნის ქართველი საზოგადო მოღვაწეების ნააზრევი. ილია ჭავჭავაძე წერდა: „ყველამ იცის, რომ ეხლანდელს დროში დევნა და ძულება ეროვნული, ერთმანეთის შეუწყნარებლობა, ერთმანეთის გაუტანლობა იმის გამო, რომ შენ სხვა თესლისა ხარ და მე სხვა თესლისა და ერთად ვერ გვეცხოვრებაო, მარტო ბრიყვის და უვიცის მოძღვრებაა და სამართლიანად გასაკიცხი ყოველ პატიოსან და გონებაგახსნილ კაცისგან.“ თანასწორობის პრინციპზე საუბრობდა ასევე იაკობ გოგებაშვილი: „თანასწორუფლებიანობის პრინციპი განამტკიცებს ჰუმანურ დამოკიდებულებას სხვადასხვა ტომის ელემენტებს შორის, ბადებს ურთიერთ ნდობას და სიყვარულს, ამყარებს ადგილობრივ და არაადგილობრივ ელემენტებს შორის ნაყოფიერ ურთიერთზეგავლენას და ხელს უწყობს მიზნის მიღწევისათვის ერთსულოვან ბრძოლას…ვიწრო რასობრივი განსაკუთრებულობით ნაკარნახებმა რეპრესიულმა ზომებმა შეიძლება მხოლოდ მავნე შედეგი მოგვცეს.“

თანასწორობის ცნება პირდაპირ კავშირშია დისკრიმინაციის აკრძალვასთან. დისკრიმინაცია ადამიანებისადმი უთანასწორო და უსამართლო მოპყრობაა რაიმე ნიშნის გამო, რომელსაც არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება. ყველა დიფერენციაცია (განსხვავებული მოპყრობა) არ ჩაითვლება დისკრიმინაციად, მაგალითად, სახელმწიფოს მიერ მართვის მოწმობის გაცემაზე უარის თქმა უსინათლო პირებისთვის არ ჩაითვლება თანასწორობის უფლების დარღვევად, რადგანაც ამ შემთხვევაში სახელმწიფოს აქვს ლეგიტიმური მიზანი.

საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის ჩანაწერი, რომელიც ერთი შეხედვით ამომწურავად ჩამოთვლის დისკრიმინაციის ნიშნებს, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკით საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის შინაარსი გახსნილია და მასში მოიაზრება დისკრიმინაციის ყველა ნიშანი.

არსებობს პირდაპირი და ირიბი დისკრიმინაცია. პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ან რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით. მაგალითად, პირდაპირი დისკრიმინაციაა, როდესაც რომელიმე სახელმწიფო დაწესებულებაში შესვლის უფლებას მისცემენ მხოლოდ მამაკაცებს და არ მისცემენ ქალებს, სქესის გამო ან თუკი საქართველოში მიწის შესყიდვის უფლება ექნებათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს და არა სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ან მოქალაქეობის არმქონე პირებს. პირდაპირია დისკრიმინაციაა ასევე როდესაც რომელიმე ნიშნის ან ჯგუფისადმი კუთვნილების გამო უთანასწორო პირობებს გიქმნიან ან უთანასწოროდ გეპყრობიან, მაგალითად რელიგიის გამო არ გაძლევენ ლოცვის უფლება, კანის ფერის გამო არ გიშვებენ რესტორანში, სექსუალური ორიენტაციის გამო ექიმი უარს ამბობს მომსახურებაზე, ორსულობის გამო აღარ გიგრძელებენ კონტრაქტს სამსახურში, ეტლით მოსარგებლე ხარ და ვერ ახერხებ შენობაში შესვლას და სხვა.

ირიბი დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო მდგომარეობაში მყოფ პირებთან შედარებით. მაგალითად, ირიბი დისკრიმინაციაა, როდესაც სახელმწიფო დაწესებულებაში შესვლა ეკრძალებათ ადამიანებს, რომლებსაც აცვიათ კაბა. ამ შემთხვევაში გვექნება არა სქესის ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაცია, არამედ ირიბი დისკრიმინაცია სქესის გამო, რადგან ქართულ საზოგადოებაში მხოლოდ ქალებს აცვიათ კაბა, შესაბამისად ეს წესი გავლენას მხოლოდ ქალებზე მოახდენს. ირიბი დისკრიმინაციის კიდევ ერთი მაგალითია რომელიმე დაწესებულებაში, მაგალითად საჯარო სკოლაში თავსაბურავის ტარების უფლების აკრძალვა. ეს წესი მართალია ერთი შეხედვით ნეიტრალურია და ყველა პირზე თანაბრად ვრცელდება, თუმცა იგი უარყოფით გავლენას ახდენს (და არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს მათ) მხოლოდ იმ პირებზე, რომლებსაც რელიგიური შეხედულებებიდან გამომდინარე სურთ თავსაბურავის ტარება (მაგალითად მუსლიმები). შესაბამისად, ეს არის ირიბი დისკრიმინაცია რელიგიური ნიშნით.

მნიშვნელოვანია თანასწორობა გაიმიჯნოს გათანაბრებისგან, ეს უკანასკნელი თავად ეწინააღმდეგება თანასწორობის იდეას, ვინაიდან თანასწორობა ნიშნავს შესაძლებლობების თანასწორ უზრუნველყოფას, რაც ადამიანებს მისცემს ამა თუ იმ სფეროში თვითრეალიზაციის საშუალებას. თანასწორობის იდეის თანახმად, სახელმწიფო არსებითად უთანასწორო მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს არ უნდა მოეპყრას თანასწორად. აღნიშნულის დარღვევაც წარმოადგენს ირიბ დისკრიმინაციას. მაგალითად, თუ თვითმმართველობის ორგანო გამოაცხადებს კონკურსს ქალაქში ტროტუარების მოპირკეთების შესახებ და აღნიშნული პროექტით არ გაითვალისწინებს ე.წ. პანდუსების განთავსებას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, ამით ის დაარღვევს თანასწორობას, რადგანაც პროექტის განხორციელებით მოპირკეთებული გზა თითქოსდა ყველა ადამიანისთვის იქნება, თუმცა მისით ვერ ისარგებლებენ შშმ პირები. ამ შემთხვევაში შშმ პირები და ის ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ გადაადგილება არ წარმოადგენენ თანასწორ პირებს მათი განსხვავებული შესაძლებლობების გამო, სწორედ ამიტომ სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს მათი განსხვავებული საჭირობები და მოეპყრას განსხვავებულად. მნიშვნელოვანია იმის გათავისებაც, რომ განსხვავებულობის არც ერთი ნიშანს, იქნება ეს რასა, კანის ფერი, პოლიტიკური შეხედულებები, სქესი თუ სხვა რამ არ აქვს რაიმე უპირატესობა სხვებთან შედარებით. ნებისმიერი დისკირმინაცია, მიუხედავად იმისა თუ რა ნიშნის საფუძველზე ხდება ის, თანაბრად აკრძალულია.

უთანასწორო მოპყრობის მსხვერპლი ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ნიშნით, ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება გახდეს, ამიტომ მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ როგორ ამოვიცნოთ, რამდენად არის კონკრეტული ქმედება დისკრიმინაციული, ვინაიდან თანასწორობა და დისკრიმინაციის აკრძალვა სახელმწიფოში დემოკრატიული მმართველობის საფუძველია. ხოლო დემოკრატიული ღირებულებებისა და თანასწორობის პრინიციპის გაზიარება საზოგადოების მშვიდობიანი თანაცხოვრების საწინდარია.

წყარო: http://equalitycoalition.ge/article/42
(კოალიცია თანასწორობისათვის)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Discover more from LAWHUB

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading