ვინ და რა გზებით ათეთრებს ფულს?


ფულის გათეთრება არის უკანონო შემოსავლის ლეგალიზება, რომ მფლობელმა ის ღიად და დაუფარავად გამოიყენოს. ამ ტიპის ფულადი მაქინაციები მთელ მსოფლიოში ყოველდღიურად ხდება. სხვადასხვა ფინანსური დაწესებულების მეშვეობით კი ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს ათეთრებენ. ფულადი სახსრების უწყვეტი ნაკადი მთელ მსოფლიოში ყოველწამიერად კვეთს როგორც რეალურ, ისე ვირტუალურ სივრცეს. სად და როდის გაჩნდა ტერმინი „ფულის გათეთრება“? როგორ მუშაობს ამ ფინანსური მაქინაციის მექანიზმი? ფულის გათეთრების რა მეთოდები არსებობს და ვინ ათეთრებს ფულს?


როდის და რატომ გაჩნდა ტერმინი „ფულის გათეთრება“?

არსებობს ლეგენდა, რომლის თანახმადაც ტერმინი „ფულის გათეთრება“ აშშ-ში მშრალი კანონის დროს გაჩნდა. მაშინ ჩიკაგოს მაფიამ სპირტიანი სასმელების არალეგალური ვაჭრობიდან და სხვა წყაროებიდან ძალიან მაღალი მოგება მიიღო. გადმოცემის თანახმად, სწორედ მაშინ შემუშავდა სქემა, რომლის მიხედვითაც ეს თანხა ოფიციალურად სამრეცხაოების ქსელის შემოსავლად დაფიქსირდა. მაშინ სამრეცხაოების მომსახურება ნაღდი ანგარიშსწორებით ხდებოდა, ამიტომაც იმის გაგება, რეალურად რამდენმა ადამიანმა ისარგებლა ამ სერვისით, შეუძლებელი იყო. სწორედ ეს აძლევდა განგსტერებს საშუალებას, კრიმინალური ფული სამრეცხაოების ლეგალურ მოგებად გაესაღებინათ. სწორედ ამ ასოციაციის წყალობით, არალეგალურ ფულს „გარეცხილი“, „გათეთრებული“ (money loundering) ეწოდა. თუმცა ეს უფრო მითია, ვიდრე სინამდვილე.

მაფიის ინტერესი ფულის გათეთრებისადმი გაჩნდა მას შემდეგ, რაც 1931 წელს ალ კაპონე საშემოსავლო გადასახადის გადაუხდელობისთვის დაიჭირეს.

სამართალდამცავმა ორგანოებმა შეძლეს დაემტკიცებინათ, რომ მისი რეალური და ოფიციალური შემოსავალი ერთმანეთს არ შეესაბამებოდა. ამით შეფიქრიანებულმა მეორე დიდმა მაფიოზმა მეიერ ლენსკიმ მოიფიქრა სქემა, რომლითაც არალეგალური გზით მიღებული ფული უნდა გათეთრებულიყო.

თავდაპირველად ფულს კაზინოების მეშვეობითაც ათეთრებდნენ. მოგვიანებით იმავე ლენსკიმ მოიფიქრა სქემა, რომელიც საბანკო სისტემის მეშვეობით იმუშავებდა. მან გახსნა ანონიმური ანგარიშები შვეიცარიის ბანკებში, სადაც დიდი ოდენობით თანხა განათავსა. შემდეგ ამავე ბანკებისგან მიიღო კრედიტები და თავისი ფულის წყაროდ სწორედ ისინი დაასახელა. სწორედ ასეთი მეთოდით ბინძური ფული ბანკის გავლით სუფთა და ლეგალური ხდებოდა.

ასეა თუ ისე, პირველად ტერმინი „ფულის გათეთრება“ პრესაში დაფიქსირდა 1973 წელს ბრიტანულ გამოცემა The Guardian-ის სტატიაში, რომელიც უოტერგეიტის სკანდალს ეხებოდა. იურიდიულ პრაქტიკაში კი ეს ტერმინი პირველად 1982 წელს გამოიყენეს. ამ საქმის ფარგლებში დადგინდა, რომ რამდენიმე კოლუმბიელის კუთვნილი ამერიკული კომპანია Sonal-ი Capital Bank-ის (მაიამი, აშშ) საკუთარ ანგარიშზე ნარკოტიკების გაყიდვიდან მიღებულ შემოსავალს რიცხავდა და ფულს ამ გზით ათეთრებდა.

2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ კი აშშ-ის სამართალდამცავი ორგანოები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ ფულზე, რომლითაც საქველმოქმედო, რელიგიური და არასამათავრობო ორგანიზაციები იატაკქვეშა კვაზი საბანკო სისტემით (მაგალითად, „ჰავალა“) ტერორიზმის დაფინანსებას ახერხებენ.

 

ფულის გათეთრების რა მეთოდები არსებობს?

ფულის გათეთრების ერთ-ერთი მეთოდია კოლუმბიის შავი ბაზარი, სადაც ნარკოტიკებით ვაჭრობიდან მიღებული ფული კოლუმბიურ პესოზე იცვლება. ამ სახელმწიფო ვალუტით შემდეგ ყიდულობენ სხვადასხვა ძვირადღირებულ საქონელს, რომელიც საბოლოოდ დოლარებად იყიდება. სწორედ ეს არის ფულის გათეთრების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდი დასავლეთ ნახევარსფეროში.

ფულის გათეთრების კიდევ ერთი საშუალებაა დიდი თანხის მცირე ნაწილებად დაშლა და სხვადასხვა ბანკში დროის გარკვეული შუალედებით სხვადასხვა დეპოზიტზე განთავსება. მაგალითად, აშშ-ში ანგარიშზე ერთჯერადად 10 000 დოლარზე მეტი თანხის შეტანის შემთხვევაში ბანკი ვალდებულია, ამ ოპერაციის შესახებ ფედერალურ მთავრობას აცნობოს.

ფულის გათეთრების მესამე მეთოდად ჩრდილოვანი (იატაკქვეშა) საბანკო სისტემა გამოიყენება. ამ დროს უკანონო შემოსავალს რიცხავენ ოფშორულ ანგარიშზე იმ ქვეყანაში, სადაც საბანკო საიდუმლოების დაცვის კანონი მოქმედებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ასეთ სახელმწიფოებში ნებადართულია, ბანკში ანგარიში ანონიმურად გაიხსნას. ძირითადად ამ მიზნით იყენებენ კაიმანისა და ბაჰამის კუნძულების, პანამის, ბაჰრეინის, სინგაპურისა და ჰონგკონგის ბანკები. აზიაში არის ბანკები, რომლებსაც აქვთ ლეგალური ალტერნატიულ სისტემა, რაც კლიენტს საშუალებას აძლევს ნებისმიერი ტრანზაქცია ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე განახორციელონ, ეს კი გამოძიებას არანაირ შანსს არ უტოვებს.

ფულის გათეთრების ერთ-ერთი საშუალებაა ასევე, როდესაც დეპოზიტი ყალბი კომპანიის სახელზე იხსნება, შემდეგ ეს თანხა გაყალბებული ინვოისებითა და ბუღალტრული ბალანსებით კანონიერ ბიზნესში ინვესტიციის სახით იდება. ასეთი კომპანიებს ქმნიან ბოროტმოქმედები ფულის გათეთრებისთვის. თუმცა ეს, შესაძლოა, იყოს კანონიერი ბიზნესიც, რომელშიც „ინვესტიციები“ იდება. მაგალითად, საბროკერო ფირმა, კაზინო, ბარი ან სტრიპტიზკლუბი. ასეთი დაწესებულებები, როგორც წესი, ფულის დიდ ნაკადთან არის დაკავშირებული, რაც არალეგალური ფულის გათეთრების კარგი საშუალებაა.

ფულის გათეთრების პროცესი როგორია?

პირველი ეტაპი არის ბინძური ფულის კანონიერ ფინანსურ დაწესებულებაში საბანკო დეპოზიტის სახით განთავსება. ამის შემდეგ ელექტრონული ტრანზაქციების მეშვეობით ფულს სხვადასხვა ანგარიშზე რიცხავენ ან გადაჰყავთ სხვა ვალუტაში, რომლითაც შემდეგ ძვირადღირებულ ნივთებს ყიდულობენ, რათა ფულადი ფორმა შეიცვალოს. საბოლოო ეტაპზე გათეთრებული ფული იწყებს ბრუნვას კანონიერი საბანკო გადარიცხვით იმ კომპანიის ანგარიშზე, რომელიც ფულის გასათეთრებლად გამოიყენება ან იმ ძვირადღირებული ნივთებით, რომლებიც მეორე სტადიაზე შეიძინეს.

ვინ ათეთრებს ფულს?

ფულს ათეთრებენ ნარკომოვაჭრეები, თაღლითები, კორუმპირებული პოლიტიკოსები, თანამდებობის პირები, ბანდიტები, ტერორისტები და სხვ.

რატომ ათეთრებენ ფულს?

ფული უნდა იყოს „სუფთა“, რადგანაც დამნაშავეებს კვალის დატოვება არ სურთ. მაფიისა და ტერორისტული დაჯგუფებების წევრებს ამ ფინანსური მაქინაციისთვის ფული არ ენანებათ. მათ ძალიან კარგად იციან, რომ კრიმინალური აქტივობის სრულად გამოაშკარავების შემთხვევაში გაცილებით მკაცრი სასჯელი დადგინდება, ვიდრე ეს მხოლოდ ფულის გათეთრებისთვის იქნებოდა.

ფულის გათეთრების რა მაგალითები არსებობს?

1980-იანი წლების ბოლოს ცნობილი ეკონომისტი ფრანკლინ ხურადო კოლუმბიელ ნარკობარონ ხოსე-სანტაკრუზ ლონდონოსთვის ფულს ათეთრებდა. მას აშშ-ში ნარკოტიკების გაყიდვიდან შემოსული ფული პანამის ბანკის ანგარიშზე შეჰქონდა. ამის შემდეგ კი ფული ევროპის 100-ზე მეტ ბანკში ირიცხებოდა. თითოეული ფინანსური ოპერაციის ოდენობა 10 000 დოლარს არ აღემატებოდა. უკვე აქედან კი ფული ირიცხებოდა კოლუმბიაში, სადაც ხოსე-სანტაკრუზ ლონდონოს შეეძლო ამ თანხით თავისი ნარკობიზნესი დაეფინასებინა. სანამ დაიჭერდნენ და შვიდ წელიწად-ნახევარს მიუსჯიდნენ, ხურადომ 36 000 000 დოლარზე მეტის გათეთრება შეძლო.

ფულის გათეთრებას ხშირად ხელოვნების სიყვარულითაც ნიღბავენ, რადგან ამა თუ იმ ძვირადღირებული ნახატის მყიდველს უფლება აქვს, ანონიმად დარჩეს. 1982 წელს ბრაზილიელი ბანკირი ედემარ სიდ ფერეირა ნიუ იორკის ჯონ კენედის სახელობის აეროპორტში გამოცხადდა ნახატით, რომლის ღირებულებაც 100 დოლარი იყო. სამართალდამცავმა ორგანოებმა მალევე გაარკვიეს, რომ ეს იყო 8 მილიონი დოლარის ღირებულების შედევრი, რომელიც ერთ-ერთ ამერიკელ ხელოვანს ეკუთვნოდა. დანაშაულებრივი სქემის წყალობით, რომელიც ხელოვნებისადმი ინტერესით იყო შენიღბული, ედემარმა 50 მილიონ დოლარზე მეტი გაათეთრა და 12 ათასი ნახატისგან შემდგარი კოლექცია შექმნა. 2006 წელს ფერეირას თაღლითობის, გადასახადების გადაუხდელობისა და ფულის გათეთრებისთვის 21 წელი მიუსაჯეს.

The New York Times-მა 2015 წელს ჩაატარა ჟურნალისტური გამოძიება, რომელმაც ცხადყო, რომ აშშ-ის ელიტური უძრავი ქონების ძირითად ნაწილს ფლობენ სწორედ სახელდახელოდ შექმნილი კომპანიები, რომლებიც მყიდველის ვინაობას არ ამხელენ. გამყიდველი ფულის წარმომავლობით არ ინტერესდება, რადგან ამას კანონი არ მოითხოვს. როგორც ჟურნალისტურ გამოძიების შედეგად დადგინდა, მრავალფუნქციურ კომპლექს Time Warner Center (ნიუ იორკი) ელიტური ბინების 37%-ი უცხოელებს ეკუთვნით. მათ შორის არიან რუსეთის, ჩინეთის, კოლუმბიისა და მექსიკის მოქალაქეები.

შესაძლებელია თუ არა ფულის გათეთრების კონტროლი?


ფულის გათეთრების კონტროლი ძალიან რთულია, რადგან საამისოდ ნებისმიერი ქვეყნის ფინანსური დაწესებულება გამოიყენება. ექსპერტები ამას სერიოზულ პრობლემას მიიჩნევენ და თვლიან, რომ მის დასაძლევად აუცილებელია მთელი მსოფლიოს ძალისხევა. თუმცა ფულის გათეთრებასთან ბრძოლას აქვს სერიოზული ბარიერი, რომელსაც ზოგიერთ ქვეყანაში არსებული საბანკო საიდუმლოს დაცვის წესი ქმნის. სწორედ ამიტომ საზღვარგარეთ გატანილი ფულის კონტროლი თითქმის შეუძლებელი ხდება.


წყარო: იხილეთ აქ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *