...
Lawhub

ადრეული პერიოდების “რუსული იურიდიული სამართალი”

რუსეთის იმპერიაში როგორც ცნობილია,რუსეთის იმპერატორის – პეტრე I-ის მმართველობის ჟამს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად სიკვდილით ისჯებოდა 122 სახის დანაშაულში მსჯავრდებული პირები. რაც ყველაზე ამაზრზენი ფაქტია, “რუსული იურიდიული სამართალი” სიკვდილით სჯიდა არა მხოლოდ ზრდასრულ ადამიანებს, არამედ არასრულწლოვნებსა და მცირეწლოვნებსაც კი (მაგალითად, ჩამოხრჩობილი იქნა მარინა მნიშეკისა და ცრუ დიმიტრი II-ეს 3 წლის ვაჟი). სიკვდილით ისჯებოდა ისეთი სახის დანაშაულები, როგორებიც გახლავთ – ყალბი ფულის დამზადება-გავრცელება, ქურდობა, სხვადასხვა სახის რელიგიური დანაშაული, ცილისწამება, რეციდივი, ბატონის წინააღმდეგ ხელის აღმართვა და სხვა…

მას შემდგომ, რაც რუსეთის იმპერიის ხელისუფლებაში ეკატერინე I მივიდა, ერთადერთი ჰუმანური აქტი, რაც მან სიკვდილმისჯილების მიმართ განახორციელა, გახლდათ ის, რომ ამ სასტიკი მეთოდით აიკრძალა ფეხმძიმე მსჯავრდებული ქალების დასჯა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ისინი სიკვდილით დასჯისაგან მაინც ვერ იხსნიდნენ თავს, რადგან მათ ჯერ მოამშობიარებდნენ, ხოლო შემდგომ კი ეშაფოტზე აჰყავდათ. ელისაბედ I-ის მეფობის პერიოდში აიკრძალა 17 წლამდე ასაკის მქონე მსჯავრებულების სიკვდილით დასჯა. XVII საუკუნის დასასრულს ამ უზარმაზარი ტერიტორიის მქონე იმპერიაში სიკვდილის დასჯის მეთოდი უმეტესწილად ჩანაცვლებული იქნა მსჯავრდებულების კატორღებში გადასახლებით. ერთი შეხედვით, შესაძლოა ასეთი სადამსჯელო მეთოდი, სიკვდილით დასჯასთან შედარებით ერთგვარ ჰუმანურ აქტად მივიჩნიოთ, მაგრამ ის გაუსაძლისი პირობები, რომელიც რუსეთის იმპერიის “ღვთისაგან მივიწყებულ” ადგილებში განთავსებულ კატორღებში სუფევდა, ამის საფუძველს ნამდვილად არ იძლეოდა.

ცნობილი ფაქტია, რომ სახალინზე განთავსებულ კატორღებს იმისათვის, რომ იქ არსებული სიტუაცია აღეწერა და ფართო საზოგადოებისათვის გაეცნო, ეწვია გამოჩენილი რუსი მწერალი – ანტონ ჩეხოვი (1860-1904 წლები). სწორედ აღნიშნულ პერიოდში დაწერა ჩეხოვმა თავისი გახმაურებული წიგნი, სახელწოდებით – “კუნძული სახალინი”, სადაც ხაზი გაუსვა იმ გარემოება, რომ – “სიკვდილით დასჯა ბევრად უფრო ჰუმანური აქტი იყო მსაჯვრდებულთათვის, ვიდრე კატორღაში გადასახლება”.

1881 წელს რუსეთის იმპერიაში კანონით აიკრძალა საჯაროდ სიკვდილით დასჯა. იმპერიის პრემიერის – პეტრე სტოლიპინის უშუალო ბრძანებით, რომლის დევიზსაც წარმოადგენდა – “თავდაპირველად დაშოშმინება, შემდეგ რეფორმები”, მასობრივად დაიწყო სიკვდილმისჯილების სახრჩობელების საშუალებით განადგურება. მან შექმნა მთელი ქსელი სამხედრო-საველე სასამართლოებისა, რომლებიც სასიკვდილოდ სწირავდნენ არა მხოლოდ რევოლუციონერებს, არამედ უმნიშვნელო დანაშაულში მსჯავრდებულ პირებსაც კი. იმ პერიოდში არსებული სახრჩობელების თოკებს, ხალხმა მეტად ცინიკური სახელწოდება – “სტოლიპინის ჰალსტუხები” უწოდა. ისტორიკოსთა ცნობების თანახმად, ”რუსული სამართლის” თანახმად, 1907-1910 წლებში სიკვდილით დასჯის მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით რუსეთის იმპერიაში 10-ჯერ გაიზარდა.

P.S. ცნობისათვის, პირველი ოფიციალური დოკუმენტი – “დვინის ნორმატიული წესდება”, რომელიც რუსეთის იმპერიაში სასჯელის უმაღლეს ზომად სიკვდილით დასჯას აწესებდა, მიღებული იქნა 1397 წელს.

წყარო – გენია.გე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Discover more from LAWHUB

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading