ინტელიგენციის როლი ეროვნული იდეის ფორმირებაში

       დასაწყისში, მინდა წარმოგიდგინოთ ენტონი სმიტის შეხედულება მაღალი ფენის ანუ ინტელიგენციის როლსა და დანიშნულებაზე საზოგადოების და კონკრეტულად,  ეროვნული ნაციონალური იდეის მშენებლობის პროცესში. მისი თქმით „სახალხო წინააღმდეგობამ, რომელიც ვითარდებოდა ცხოვრების პირობების მკვეთრი გაუარესების ფონზე, წარმოშვა სეკულარიზებული ინტელიგენციის ახალი ფენა. მათი ფუნდამენტური როლი, როგორც ამას თავადვე აცნობიერებდნენ, იმაში მდგომარეობდა, რომ სახეცვლილად მიეწოდებინათ რელიგიური თუ სხვა ურთიერთობები საზოგადოების სხვადასხვა ფენებისათვის. ასეთი ტრანსფორმაციების პირველი მამოძრვებელი იყო პროფესიონალიზებული, ბიუროკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბება, რომელსაც საფუძვლად ჰქონდა შედარებით ჰომოგენური ეთნიკური ბირთვი. დაქვემდებარებული ვერტიკალური ეთნოსის, ტრანსფორმაციის მამოძრავებელს, ისევე როგორც კულტურული ჩარჩოების ჩამომყალიბებელს წარმოადგენდა სეკულარიზებული ინტელგენცია, რომელსაც წინ უძღვებოდნენ განმანათლებელი ინტელექტუალები.

    სწორედ ინტელიგენციამ განსაზღვრა ახალი კომუნალური თვით-დეფინიციები და მიზნები. უნდა მომხდარიყო საზოგადოების ხელახალი აღმოჩენა და რეალიზაცია. ამას მორალური და პოლიტიკური რევოლუცია მოჰყვა. პასიური და დაქვედებარებული უმცირესობის ადგილი, რომელიც დომინანტური ეთნოსის და მისი სახელმწიფოს მარგინალურ სფეროებში ცხოვრობდა, შეიქმნა ახალი კომპაქტური და პოლიტიკურად აქტიური ერი. ცენტრალური ადგილი ხალხს უნდა დაეკავებინა, რომელიც ამიერიდან იდენტიფიცირებული იყო მასებთან, რომელიც ძველი დროის არისტოკრტიის გმირებს ცვლიდა. ეს იყო მხოლოდ ერთი ნაწილი დიდი პროცესისა, რომელიც აყალიბებდა გაერთიანებულ, უპირატესად ავტარქიულ, კანონის დონეზე თანასწორ საზოგადოების წევრებს, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფდა სახელმწიფოს ლეგიტიმაციას და ძალას. მაგრამ ამისთვის ხალხი საუკუნეების ნარჩენებისგან უნდა გაწმენდილიყო, უნდა დაევიწყებინა ძილი, დაქსაქსულობა, უცხო ელემენტები, უმეცრება და ა.შ. და ამით მოეხდინა საკუთარი თავის ემანსიპაცია. სწორედ ეს იყო განმანათლებელი ინტელექტუალების უპირველესი ამოცანა“. (ენტონი სმითი-„ერების წარმოშობა“)

    ქართველი ერის ჩამოყალიბეების პროცესში ისტორიის განმავლობაში ელიტა მნიშვნელოვან როლს თამაშობდა, რაც დღესდღეობით პირიქით უფრო და უფრო სუსტდება და შეუმჩნეველი ხდება. ამას განვიხილავ სხვადასხვა ისტორიული ასპექტებისა და მოვლენების მაგალითზე. უნდა აღვნიშნო, რომ ელიტა არა მხოლოდ ფასეულობებსა და ღირებულებებს ქმნის, არამედ მტკიცედ მართავს ცნობიერს და ამასთანავე ისთებლიშმენთის მეშვეობით  საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებსაც.

     საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი კონცეფცია ჯერ კიდევ XIX საუკუნის მეორე ნახევარში შეიმუშავა 60-იანელთა თაობამ ილია ჭავჭავაძის ხელმძღვანელობით, თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან შეიძლება ითქვას, რომ ეს კონცეფცია თავის თავში იმთავითვე უეჭველად შეიცავდა მრავალშრიანი კონფლიქტის შესაძლებლობას, ვინაიდან ცდილობდა განეხორციელებინა პროცესი, რომელიც ვერ განხორციელდა ისტორიული ევოლუციის შედეგად. სხვაგვარი კონცეფცია მაშინ ვერც შემუშავდებოდა, ანუ ის, რაც ილია ჭავჭავაძემ შემოგვთავაზა, იყო ერთადერთი შესაძლო ეროვნული კონცეფცია შესაბამისი შინაგანი წინააღმდეგობებითა და კონფლიქტებით. უბედურება კი ის გამოდგა, რომ XX საუკუნის 80-იანი წლებისათვის ქართულმა ელიტამ ვერ მოახერხა ქვეყნისათვის შეეთავაზებინა ახალი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი კონცეფცია, რომელიც უფრო მეტად შეესატყვისებოდა გრანდიოზულ ცვლილებებს, რაც მსოფლიოში მოხდა.  უკვე ბევრმა შენიშნა, რომ ქართველი ერის უბედურების სათავე მისი ეთნიკური «არაშეკრებილობაა». (გამცემლიძე) ჩემი აზრით დიდწილად სწორედ ეს თვისება იწვევს მრავალ ცნობიერ თუ არაცნობიერ ეთნოფსიქოლოგიურ პროცესს, რაც ასევე მტკივნეულად აისახა 1988-1993 წლებში განვითარებული მოვლენების ფონზე. ამის შემდგომ, კომუნისტური ეპოქის ქართულმა ინტელიგენციამ პირნათლად განაგრძო ილია ჭავჭავაძის საქმე და კიდევ უფრო გააძლიერა XIX საუკუნის მიწურულს ჩამოყალიბებული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი კონცეფციის პროპაგანდა. ვფიქრობ, რომ მაშინდელმა რეჟიმმა პირიქით უფრო გააძლიერა მსგავსი სენტიმენტები და ემოციები, რომელიც დაკავშრებული იყო პატრიოტიზმთან და სამშობლოს სიყვარულთან. ეს გრძელდებოდა მაშინაც კი, როცა, ახალ ეპოქაში, ახალი მოთხოვნებისა და გლობალური რეალიების შესაბამისად, ეროვნული კონცეფციის განახლება-განვითარება იყო აუცილებელი. მაგრამ ამაზე ლაპარაკსაც კი ვერავინ გაბედავდა მთელი გასული საუკუნის განმავლობაში – მათ შორის მის მეორე ნახევარში. გადავშალოთ იმავე ეპოქაში გამომავალი ლიტერატურული ჟურნალ-გაზეთები და ყურადღებით წავიკითხოთ. ყველა მათგანი იწყება პარტიის, ლენინისა და ბრეჟნევის ხოტბა-დიდებით. მაგრამ ამ საფარველქვეშ ინტელიგენცია განაგრძობდა «ქართული იდეის» პროპაგანდასა და ხსენებული კონცეფციის მეშვეობით ერის შეკრებას. სხვათაშორის უნდა ითქვას, რომ ქართული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეის გაძლიერებას თვით კომუნისტურმა რეჟიმმაც შეუწყო ხელი.

      “ერთა გამსხვილების” პროცესში ქართველური ეთნიკური ჯგუფების (ქართები, მეგრელები, სვანები, აჭარლები) საბოლოო კონსოლიდაცია ძალზე სწრაფად წარიმართა. აღნიშნულ საქმეში იოსებ სტალინი კარგად იყენებდა ლავრენტი ბერიას, მისი მეშვეობით ის ცდიოლობდა განევითარებინა და წარმოეჩინა ქართველი ეთნოსი და ქართველობის იდეა. მაშინ, როდესაც აფხაზური ეთნოსის ელიტურმა წარმომადგენელმა, ლაკობამ იოსებ სტალინს სსრკ-ს კონსტიტუციაში სსრკ-ში აფხაზეთის საქართველოსგან დამოუკიდებლად შესვლის აღნიშვნა სთხოვა, იოსებ სტალინმა ის ბერიასთან მიაგზავნა აღნიშნულ ფაქტზე შესათანხმებლად, ანუ მნიშვნელოვნად უშლიდა ხელს გარკვეული მცირე ხალხთა ჯგუფის სეცესიას. მაგრამ იმთავითვე შესამჩნევი იყო, რომ ერის „შეკრებილობის“ შესანარჩუნებლად ინტელიგენცია იძულებული ხდებოდა ჩამოეყალიბებინა ისეთი სტერეოტიპები, რომლებიც იმ დროს დამკვიდრების პროცესში მყოფ საკაცობრიო იდეალებთან და დემოკრატიულ პოსტულატებთან თუ ღირებულებებთან მოდიოდა წინააღმდეგობაში. მაგალითად, რას ნიშნავს „ქართველი“? ეს ტერმინი უეჭველად გულისხმობს არა საქართველოს მაცხოვრებელს, არამედ ეთნიკურად ქართველს. რასაკვირველია, ისტორიულად ქართველია ქართიც, ეგრიც და სვანიც, მაგრამ ქართველი არ არის საქართველოში მცხოვრები სომეხი, აზერბაიჯანელი, ან სხვა ეთნიკური ჯგუფი.

     საერთო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ იმისათვის, რათა არსებული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი კონცეფციის ფარგლებში ერის კონსოლიდირიებისათვის მიეღწიათ, გარკვეულწილად ინტელიგენციის ნაწილი იძულებული გახდა, სწორედ ეთნიკური ნიშნით მკვეთრად გაემიჯნა ქართველები (ეთნიკური ქართველები) და მათ მიერვე ე.წ. „არაქართველები“. ანუ უარი ეთქვა ე.წ. „მრავალეროვანი ხალხის“ ჩამოყალიბების პერსპექტივაზე. ეს პროცესი კი, თავისი ნეგატიური გაგებით, ერთის მხრივ, კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა საკაცობრიო პროცესებს.

One thought on “ინტელიგენციის როლი ეროვნული იდეის ფორმირებაში

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Discover more from LAWHUB

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading